აგრარული ფაკულტეტი ისტორია
აგრარული ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2011 წლის იანვარში ყოფილი სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით უნივერსიტეტში არსებული ორი ფაკულტეტის – “სუბტროპიკული მეურნეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის” და “სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის” შეერთების შედეგად.
ამ მომენტამდე ფაკულტეტმა განვლო მეტად რთული, მტკივნეული, მაგრამ ღირსეული და სახელოვანი გზა. ეს გზა დაიყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა საჭირო გახდა სუბტროპიკული მეურნეობის დარგის განვითარებისათვის სათანადო ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება. მისი ფესვები კი იწყება თბილისში 1929 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1933/34 სასწავლო წელს საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში შეიქმნა სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი. რადგანაც სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა ძირითადად წარმოდგენილი იყო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ ამ ფაკულტეტის ბაზაზე ქ. ქუთაისში 1952 წლის 26 იანვარს (მინისტრთა საბჭოს დადგენილება #481) ჩამოყალიბდა ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი ყოველწლიური მიღების კონტიგენტით 400 კაცი. თავიდანვე ინსტიტუტს გადაეცა შემდეგი ფაკულტეტები: 1. სუბტროპიკული მეურნეობის, სპეციალობებით “სუბტროპიკული მეურნეობა” და “დეკორაციული მებაღეობა”, 2. სუბტროპიკული მეურნეობის მექანიზაცია; 3. ხილის, ბოსტნეულის და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგია და 4. მეაბრეშუმეობა.
საქართველოს მთავრობის 1959 წლის 11 აპრილის (# 282) დადგენილებით ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი სუბტროპიკული კულტურების გავრცელების ძირითად ზონასთან მიახლოვების მიზნით გადატანილი იქნა ქ. სოხუმში და მას ეწოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ქ. სოხუმში ინსტიტუტი ფუნქციონირებდა 1993 წლის სექტემბრამდე. აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად უმაღლესი სასწავლებელი ლტოლვილის სტატუსით აღმოჩნდა ქ. ქუთაისში. ამ უმძიმეს პირობებში ინსტიტუტის რექტორმა პროფ. ვ. ფრუიძემ შეუძლებელი შეძლო და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით 1993 წლის 19 დეკემბერს აღადგინა სასწავლო პროცესი.
თავისი სიტყვა თქვა ინსტიტუტის მონოლითურად შეკრულმა კოლექტივმა, რომელმაც უმოკლეს ვადაში აღადგინა ფაკულტეტების და კათედრების ფუნციონირება და უკვე 1996 წლიდან დაიწყო სრულფასოვანი სასწავლო პროცესი. სულ მალე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტმა ავტორიტეტით და თავის სპეციალობებით ფართო დაინტერესება გამოიწვია. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით (#107) სუბტროპიკული მეურნეობისათვის მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში დიდი წვლილის გამო და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (50 წელი) ინსტიტუტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.
დღესდღეობით აგრარული ფაკულტეტი, როგორც საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემკვიდრე, აქტიურად არის ჩართული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესებში და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში, აგრძელებს ტრადიციებს და თავის სიტყვას იტყვის ქვეყნისა და უნივერსიტეტის სასარგებლოდ და სასახელოდ.
საქართველო, ქუთაისი, ჭავჭავაძის 21
ტელ: (8 231) 2 06 14 ფაქსი: (8 231) 4 38 33