აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გაიმართა

2021 წლის 17 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში“.

ტრენინგზე მოხსენებები წაიკითხეს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა გიორგი იაშვილმა.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ინტერნეტზე, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების მთავარ წყაროზე, მომხმარებლის სხვადასხვა აქტივობების დროს არსებულ შესაძლო საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების ხერხებზე. პრაქტიკულად განიხილეს მომხმარებლის პირად მონაცემებზე და ორგანიზაციების საინფორმაციო ტექნიკურ სისტემებზე სხვადასხვა სახის კიბერთავდასხმების სტრატეგიები და თავდაცვის შესაბამისი საშუალებები, ეთიკური ჰაკინგის მიზნები და მეთოდები.
„კიბერუსაფრთხოების ზოგადი და სპეციალური პრინციპების გაცნობა მნიშვნელოვანია კომპიუტერული სისტემების ნებისმიერი დონის მომხმარებლისათვის. კიბერუსაფრთხოება არ ამოიწურება სისტემაზე ანტივირუსის დაყენებით, ეს საკითხი გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანია და მოიცავს კიბერნეტიკის სხვადასხვა სფეროს. სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებები კიდევ გაიმართება“, - განაცხადა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოწვეულმა ლექტორმა მალხაზ ჯინჯიხაძემ.
“სტუდენტებთან ვისაუბრეთ კიბერუსაფრთხოებაზე, ამ მიმართულებით არსებულ სამეცნიერო პრობლემებზე და ბევრ ტექნიკურ დეტალზე, რისი ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ბევრი მსმენელი დაინტერესდა თემით და ახალგაზრდები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული”,- აღნიშნა სამეცნიერო კიბერსუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა.
ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E"-ს ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.