აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დია ჩიანელის საარქივო მასალები გადაეცა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოქმედებითი სახლის ,,ჯარისკაცის მამის" ხელმძღვანელმა ინეზა ავალიანმა რეპრესირებული მწერლის, დია ჩიანელის (დავით ჩხეიძის) საარქივო მასალების ნაწილი გადასცა.
საარქივო მასალების გადაცემის ცერემონიალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, შემოქმედები სახლის ,,ჯარისკაცის მამის" ხელმძღვანელი ინეზა ავალიანი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დია ჩიანელის ხელნაწერები და სხვა უნიკალური დოკუმენტური მასალები სტუდენტებს, მკვლევრებს საშუალებას მისცემს ახალ სამეცნიერო სტატიებზე იმუშაონ.
,,ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც უნივერსიტეტის მძლავრ ბიბლიოთეკასა და საარქივო მასალებს ემატება ამ ქალაქის განსაკუთრებული შვილის, დია ჩიანელის , ბატონი დავით ჩხეიძის არქივის ნაწილი. ეს არის ის დოკუმენტური მასალა, რომელიც აღწერს იმ პერიოდის ქუთაისსაა და არა მარტო ქუთაისს და ეს არის იმით განსაკუთრებული, რომ ჩვენს სტუდენტებს, მაგისტრებს ეძლევათ ახალი სამუშაო მასალა. ჩვენი მიზანია ფართო წრეებს გავაცნოთ ეს მწერალი და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი სამეცნიერო სტატია",- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.
შემოქმედებითი სახლის ,,ჯარისკაცის მამის" ხელმძღვანელის ინეზა ავალიანის თქმით, საარქივო მასალების უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ცენტრისათვის გადაცემით მნიშვნელოვანი საქმე კეთდება , რადგან დოკუმენტები საიმედო და პროფესიონალთა ხელში იქნება.
,,საარქივო მასალების ნაწილი გადმოვეცით უნივერსიტეტს და ნაწილს გადავცემთ ხელნაწერთა ცენტრს. რაც ეხებოდა უნივერსიტეტს ყველაფერი გადავეცით იმიტომ, რომ სასწავლებლისთვის უფრო ღირებულია მასალა , ვიდრე ვიღაცისთვის. ასევეა ხელნაწერთა ცენტრის შემთხვევაში. საარქივო მასალებშია ძალიან ბევრი დოკუმენტი , მათ შორის ის ნაწარმოებები, რომელთა დასრულება მწერალმა ვერ მოასწრო. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი არქივი კარგ ხელში მოხვდა და იქნება შემდეგ შესწავლილი“,- აღნიშნა ინეზა ავალიანმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ავთანდილ ნიკოლეიშვილის შეფასებით, საარქივო მასალების უნივერსიტეტისთვის გადმოცემით დია ჩიანელის მხატვრული შემოქმედების ახლიდან გააზრების შესაძლებლობა ჩნდება.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მწერლის სახელი ისე არაა ცნობილი, რასაც თავისი ლიტერატურული ღირსებით იმსახურებს.უნდა აღინიშნოს ის ფაქტ, რომ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში იგი იყო აქტიური წარმომადგენელი ლიტერატურული სიახლეებისა და აქ, ჩვენთან , ჩვენს ქალაქში მოღვაწე ცისფერყანწელების სახელთან არის დაკავშირებული. ჩვენ ისედაც ვიყავით დაინტერესებული დია ჩიანელის ცხოვრებით და შემოქმედებით. ამ არქივის გადმოცემით იქმნება მყარი ბაზა იმისათვის, რომ უფრო მეტად დავინტერესდეთ და ახალი წახნაგებით დავინახოთ და გავიაზროთ დია ჩიანელის მხატვრული შემოქმედება ",- აღნიშნა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.
მწერალი და პედაგოგი დავით ჩხეიძე, ფსევდონიმით დია ჩიანელი, 1937 წელს, რეპრესიების დროს დახვრიტეს.