ამერიკული უნივერსიტეტების ონლაინ გამოფენა

შაბათი, 6 ნოემბერი, 2021, 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ონლაინ გამოფენას 100-ზე მეტი ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის მონაწილეობით.
გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები საშუალო სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე, ასევე პროფესიული განვითარებისა და მოკლევადიან საზაფხულო კურსებზე.

დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი კოლეჯების წარმომადგენლებთან. პლატფორმაზე ჩატარდება ვებინარები: როგორ ჩავაბაროთ აშშ-ში, როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება, როგორ შევარჩიოთ პროგრამები შესაბამისს განათლების საფეხურზე; გამოფენა გაიხსნება საორიენტაციო სემინარით ამერიკული სტუდენტური ვიზის პირობებზე.
უნივერსიტეტები წარმოადგენენ მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების მიხედვით, გააცნობენ მონაწილეებს ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის მთავრობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.
გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.
2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან 640-მდე ადამიანი იღებს განათლებას აშშ-ში, მათგან 50 % საბაკალავრო, 30% სამაგისტრო და დანარჩენი სხვა საფეხურის პროგრამებზე სწავლობს. (IIE, Open Doors 2020), რაც ევროპის რეგიონისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. გამოფენა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.
გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.
გამოფენაზე რეგისტრაცია: https://educationusa.events/november6
გამოფენის გვერდი სოციალურ მედიაში: https://bit.ly/2Zcgail
მონაწილე უნივერსიტეტები: https://cutt.ly/eRP9TSp